X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის შემუშავებაზე გამარჯვებულის შერჩევის ეტაპი დაიწყო

16 ოქტომბერი 2020

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიერ კურორტ წყალტუბოს განვითარებისათვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი შედგა.

კონკურსში, რომელიც სექტემბრის დასაწყისში ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავებაზე გამოცხადდა, წინადადებები წარადგინა სამმა კომპანიამ. სამივე კომპანიას წარმოდგენილი აქვს კურორტის განვითარების ხედვის ვრცელი წინადადება და მათი შეთავაზების მიხედვით, საპროექტო ჯგუფებს უხელმძღვანელებენ სათანადო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის უცხოელი სპეციალისტები.

წინადადებების შერჩევა-შეფასების პროცესს დღეს დაიწყო და მისი დასრულების შემდეგ, გამარჯვებული კომპანია წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციას შეიმუშავებს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში.

გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოამზადებს საპრივატიზაციო წინადადებებს, ხოლო კონკურსში გამარჯვებული კომპანია გააგრძელებს გენგეგმის შემუშავებას.  

წყალტუბოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებისას აუცილებელია  კომპლექსურად გაანალიზდეს კურორტის მდგრადი განვითარების საჭიროებები და მის საფუძველზე შეიქმნას  ჯანსაღი, უსაფრთხო და მოხერხებული გარემოს პირობები, დაიგეგმოს კურორტის უნიკალური ფუნქციურ-გეგმარებითი სტრუქტურის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებები, რომლებმაც უნდა დაიცვას ქალაქი ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან. 

წყალტუბოს გენგეგმის შემუსავების მიზანია მისთვის კურორტის სტატუსის შენარჩუნება და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიის გეგმაზომიერი განვითარება.

წყალტუბოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის მოსამზადებელად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2019 წლის დეკემბერში გამოცხადებული კონკურსი შეწყდა, ვინაიდან მასში მონაწილე ერთადერთმა პრეტენდენტმა ვერ წარმოაჩინა კურორტის უნიკალური პოტენციალის შესაფერისი ხედვა.